თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა თბილისში. თსუ არის უძველესი უნივერსიტეტი საქართველოში და ამიერკავკასიის რეგიონში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის, ჰუმანისტური ტრადიციების, ძველი ქართული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ცენტრების სულიერი და ინტელექტუალური მემკვიდრეა. უნივერსიტეტის მისიაა, ღირსეულად ატაროს საქართველოს პირველი უნივერსიტეტის სახელი, ისტორიულ პირველობასთან ერთად შეინარჩუნოს პირველობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში, მიეკუთვნებოდეს მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტთა რიცხვს, ხელი შეუწყოს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო კეთილდღეობას.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს საქართველოს ერთერთი უპირველესი სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებაა, ყოველწლიურად აქ 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის თსუ 7 ფაკულტეტზე  22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად  უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება. უცხოეთის ქვეყნების  უნივერსიტეტებთან  მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე ყველა სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი.

Leave a Reply

Your email address will not be published.